დიფთერია წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული და უდიდეს ზიანს აყენებდა ბავშვთა მოსახლეობას, უკანასკნელი 4 ათეული წელია გეგმიანი აცრების შედეგად დიფთერია, როგორც ეპიდემიური პროცესი, ლიკვიდირებულია, მაგრამ მაინც გვხვდება ერთეული, ზოგჯერ დაგვიანებით ნამკურნალევი და მძიმედ მიმდინარე შემთხვევები.
დაავადებას ბაქტერია იწვევს. ინფექციის წყარო ავადმყოფი ადამიანია. იგი გადამდებია დაავადების პირველი დღიდანვე ავადმყოფობის მთელ პერიოდში და ზოგჯერ მის შემდეგაც. ინფექციას ავრცელებენ ჯანმრთელი, დიფთერიის ბაქტერიების მატარებელი ბავშვები. დიფთერიის ბაქტერია მოკალათებულია ცხვირ-ხახის ლორწოვანებზე და ხველის, ცხვირცემინების, კოცნის დროს ჰაეროვან-წვეთოვანი გზით გადაეცემა ჯანმრთელს, ბაქტერია გარემოში დიდხანს ძლებს, ამიტომ ავადმყოფის სათამაშოები, ჭურჭელი და სხვა ნივთები შეიძლება ჯანმრთელი ბავშვის დაავადების მიზეზი გახდეს. უმეტესად ის ბავშვები და მოზრდილები ხდებიან ავად, რომლებსაც სწორად არ ჩაურატდათ დიფთერიის საწინააღმდეგო აცრა. დაავადება ხშირია შემოდგომა-ზამთრის თვეებში.
ფარული პერიოდი 2-10 დღეს გრძელდება. ყველაზე ხშირი ფორმაა ხახის დიფთერია. ავადმყოფი ბავშვი მოდუნებულია, მადას კარგავს, ჭირვეულობს, უჩივის ყელის მცირეოდენ ტკივილს, ფერმკრთალია. ტემპერატურა მატულობს 38-38,5 o-მდე. ხახა, ნუშურები, სასა შეწითლებულია და დაფარულია აპკოვანი მორუხო-მოთეთრო ნადებით. დიდდება ყბისქვეშა ლიმფური კვანძები. გულისცემა გახშირებულია.
თუ ხახის დიფთერიას დროულად ვერ ამოიცნობენ, ზემოაღნიშნული ნიშნები 6-7 დღეს გრძელდება, მეორე კვირიდან კი იწყება გარდატეხა თითქოსდა გამოჯანმრთელებისაკენ: ტემპერატურა სწორდება, ნადები შორდება ლორწოვანს - მას ავადმყოფი ან გადმოაფურთხებს, ან გადაყლაპავს, მაგრამ სიფერმკრთალე და აჩქარებული მაჯა რჩება კვირის მანძილზე. შრატით მკურნალობის გარეშე დარჩენილ შემთხვევებში, ჩვეულებრივ მეორე კვირიდან, თითქოსდა განკურნებულ ავადმყოფს შეიძლება გამოჩნდეს მძიმე გართულებები მწვავე მიოკარდიტის და დამბლის სახით.
ცხვირის დიფთერია გაცილებით იშვიათია და მცირე ასაკის ბავშვებშიც გვხვდება. ავადმყოფს ეწყება ცხვირიდან ლორწოვან-ჩირქოვანი, სისხლნარევი გამონადენი, ცხვირიდან სუნთქვა უძნელდება. ტემპერატურა ნორმალური ან ოდნავ მომატებულია.
ხორხის დიფთერია, ანუ კრუპი, იწყება ტემპერატურის მომატებით, ხმის ჩახლეჩით, უხეში მყეფავი ხველებით, ბავშვი ხმას მალე კარგავს და პირველი დღის ბოლოს სუნთქვა უძნელდება. შესუნთქვა გახანგრძლივებულია და შორიდან ისმის, სუნთქვის დროს კისრისა და გულ-მკერდის რბილი ნაწილები გამოედრიკება. თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა, ხორხსა და სასულეში ნადების არსებობისა და ძლიერი შეშუპების გამო პროგრესულად მატულობს სუნთქვის უკმარისობა, ბავშვი თანდათან სუსტდება, ლურჯდება და შეიძლება მოიხრჩოს. დიფთერიული კრუპის დროს ხშირია გართულება ფილტვების ანთების სახით.
დიფთერიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ავადმყოფი დაუყოვნებლივ გადაყვანილ უნდა იქნეს საავადმყოფოში. დიფთერიის საწინააღმდეგო შრატით დროული და სწორი მკურნალობა მოკლე დროში უზრუნველყოფს გაჯანმრთელდებას. კრუპის დროს საჭირო ხდება ხორხში სპეციალური მილის ჩადება (ინტუბაცია) ან სასულეს გარედან გაკვეთა (ტრაქეოტომია).
პროფილაქტიკის ფრიად ეფექტური საშუალებაა აცრა.
გააფართოვეთ თემა: დიფთერია