ტუბერკულოზი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზური მიკრობაქტერია (კოკის ჩხირი) იწვევს. არსებობს ადამიანის, ხარის, ფრინველისა და სხვა ტიპის ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები. ორგანიზმში მათი მოხვედრის შედეგად შეიძლება განვითარდეს ფილტვის და და სხვა ორგანოების ტუბერკულოზი.
ფილტვის ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური კომპლექსი, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, კეროვანი, ინფილტრაციული ტუბერკულოზი, კავერნული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი.
ფილტვგარეშე ტუბერკულოზს ეკუთვნის შემდეგი ფორმები: პირველადი ტუბერკულოზური ფორმები, ბრონქოადენიტი, დისემინირებული, ფიბროზულ-კავერნული, ციროზული ტუბერკულოზი და პლევრიტი.
ფილტვგარეშე ტუბერკულოზს ეკუთვნის ტუბერკულოზური მენინგიტი, ნაწლავის, მუცლის ფარის, ჯორჯლის ლიმფური კვანძების, ძვალ-სახსრის, შარდ-სასქესო ორგანოების, კანის, პერიფერიული ლიმფური კვანძების და თვალის ტუბერკულოზი.
თითოეულ ზემოაღნიშნულ ფორმას თავისებური მიმდინარეობა და სიმპტომები ახასიათებს.
შემთხვევათა 85-90%-ში ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები ორგანიზმში სასუნთქი გზების საშუალებით შეიჭრებიან. მაგალითად, ჰაეროვან-მტვრიანი, როდესაც ჰაერი მტვერთან ერთად შეიცავს ბაცილებს, ანდა ჰაეროვან-წვეთოვანი გზით. ამ დროს ბაცილგამომყოფი ავადმყოფი ხმამაღლა ლაპარაკის, ხველების, სიცილის, ცხვირის დაცემინებისა და სიმღერის დროს გამოყოფს თვალით შეუმჩნეველ წვეთებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ტუბერკულოზურ ბაცილებს. ინფიცირება ხდება ამ წვეთების შესუნთქვის შედეგად.
სასუნთქი გზებით ორგანიზმში შეჭრილი ინფექცია მეტწილად ფილტვების ტუბერკულოზს იწვევს.
ტუბერკულოზური ინფექციის შეჭრის მეორე გზას წარმოადგენს ალიმენტური, ანუ კუჭ-ნაწლავის გზა. ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა საკვები პროდუქტი შეიცავს ბაცილებს, უხშირესად უმი რძე და მისი ნაწარმი. რძე პასტერიზებულიც კი აუცილებლად კარგად უნდა ადუღდეს. ძალიან მჭლე ხორცი არ უნდა დაიშვას გასაყიდად.
იშვიათად ტუბერკულოზური ინფექცია ორგანიზმში შეიჭრება კანის და ლორწოვანი გარსის საშუალებით, როდესაც ისინი დაზიანებულია. მაგალითად, ასე შეიძლება დაავადდეს ყასაბი და პროზექტურაში მომუშვე, თუ მათ მუშაობის დროს გაიჭრეს ხელი.
ტუბერკულოზით დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არა მარტო შეჭრილი ინფექცია, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მისი ბრძოლის უნარი და გამძლეობა.
ორგანიზმის ბრძოლის უნარის დაქვეითებას - შეცვლას მრავალი სხვადასხვა მიზეზი იწვევს. ძირითადი მნიშვნელობა აქვს ყოფა-ცხოვრების ცუდ პირობებს, ბაცილგამომყოფ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტს - კავშირს; მნიშვნელობა აქვს ოჯახურ, ცოლ-ქმრულ და პროფესიულ-საწარმოო კონტაქტს.
ზოგიერთი დაავადება (წითელა, გრიპი, შაქრიანი დიაბეტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნერვული და ფსიქიკური დაავადებები, პნევმოკონიოზები - ფილტვის დამტვერიანება და სხვა) აქვეითებს ორგანიზმის საერთო ბრძოლის უნარს, გამძლეობას, რის გამოც შეიძლება განვითარდეს ტუბერკულოზი. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ფსიქიკურ ტრამვას - განცდებს (ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვ.), მორალურ-ზნეობრივ დაცემას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მავნე ჩვევები - თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე ტემპერატურის და ამინდის ცვალებადობა, ნაწილობრივ ამასთან არის დაკავშირებული გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტუბერკულოზური პროცესის გამწვანება და გამოვლინება.
გადაჭარბებული მზის აბაზანები ანდა სხეულის გაციება (დიდ წვიმაში, ქარში ყოფნა) ასევე ხელს უწყობს პროცესის განვითარებას.
მნიშვნელობა აქვს კვებას, დროულად მიღებულ საკვებს, რომელიც მდიდარი უნდა იყოს ცხოველური ცილებით და ვიტამინებით. ზოგჯერ დაავადება ვლინდება ორსულობის პირველ პერიოდში (3 თვემდე), ანდა მშობიარობის შემდეგ. დიდი დოზებით და ხანგრძლივად მიღებულ კორტკოსტეროიდულ ჰორმონებს (პრედნიზოლონს, დექსამეტაზონს და სხვა), რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების (ბრონქული ასთმა, ღვიძლის ციროზი, რევმატიზმი და სხვა) მკურნალობის მიზნით, შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტუბერკულიოზის გამოვლინებას და გამწვავებას. ასეთ პროცესებს სტეროიდულ ტუბერკულოზს უწოდებენ.
ტუბერკულოზის კლინიკური მიმდინარეობა მრავალფეროვანია. იმ შემთხვევაში, როდესაც ავადმყოფი სუსტად გრძნობს თავს, ადვილად იღლება, ღამე ოფლიანობს, აქვს უმადობა, გაძნელებული სუნთქვა, აჩქარებული გულის ძგერა, ტკივილი გვერდის მიდამოში, ხველა, ზოგჯერ ნახველის გამოყოფით, სისხლის ამოხველება ან ფილტვებიდან სისხლდენა, ტემპერატურა 37,2-37,5 oC ან 38 oC-ზე მეტი. გრიპის შემდეგ ტემპერატურა დიდხანს გრძელდება 37,3-37,5 oC, მან პირველ რიგში უნდა მიმართოს თავის უბნის ექიმს - თერაპევტს, რომელიც შეამოწმებს მას და აუცილებლად ჩაუტარებს რენტგენოლოგიურ გამოკვლევას (ფლუოროგრაფია, რენტგენოსკოპია). ფილტვში საეჭვო ანდა აშკარად გამოხატული ცვლილების დროს, რომელიც ახასიათებს ფილტვის ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმას, თერაპევტი გააგზავნის ავადმყოფს იმავე უბნის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დიპანსერში, სადაც უკვე ექიმი ფთიზიატრო მას სრულყოფილ გამოკვლევას ჩაუტარებს; ნახველს ტუბერკულოზურ მიკრობაქტერიებზე, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ტომოგრაფიას (ფილტვის შრეების მიხედვით გამოკვლევას), ტუბერკულინოდიაგნოსტიკას - მანტუს სინჯს და სხვა. თუ ტუბერკულოზი დადგინდება, მაშინ ავადმყოფს აიყვანენ დისპანსერულ აღრიცხვაზე და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ. ბაცილგამომყოფი ავადმყოფი, რომელსაც ფილტვში რღვევითი პროცესი აღენიშნება (ინფილტრატი რღვევის ფაზაში, კავერნა და სხვ.), ასევე, თუ აქვს სისხლიანი ნახველი ანდა ფილტვებიდან სისხლდენა, გულის უკმარისობა, სპონტანური - თვითნებური პნევმოთორაქსი, აუცილებლად უნდა მოთავსდეს საავადმყოფოში.