ყური სამი ნაწილისაგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყური. გარეთა ყურის შემადგენლობაში შედის ნიჟარა და გარეთა სასმენი მილი, რომლის სიღრმეში მოთავსებულია 0,1 მმ სისქის დაფის აპკი. ეს უკანასკნელი შუა ყურს ეკუთვნის. შუა ყურის ნაწილიებია დაფის ღრუ თავისი სასმენი ძვლებით, დვრილისებრი მორჩის ჰაეროვანი უჯრედები და ევსტაქის ლულა, რომლის მეშვეობითაც დაფის ღრუ დაკავშირებულია ცხვირ-ხახასთან. შიგნითა ყური მოთავსებულია საფეთქლის ძვლის პირამიდაში და შედგება კარიბჭისაგან, სამი ნახევარრკალოვანი არხისა და ლოკოკინასაგან.
გარეთა და შუა ყური ბგერის გამტარია, შიგნითა ყური - ლოკოკინა კი ბგერის მიმღებ აპარატს მიეკუთვნება. სმენის ნერვის პერიფერიული დაბოლოება ლოკოკინაშია მოთვსებული. შიგნითა ყურის სამი ნახევარრკალოვანი არხი სხეულის წონასწორობის დაცვას ემსახურება.
გარეთა ყურის დაავადებები
გარეთა ყურის დაავადებებიდან ხშირია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთება (ძირმაგარა) და გარეთა სასმენი მილის დიფუზიური ანთება (ეგზემა).
ყ უ რ ი ს ძ ი რ მ ა გ ა რ ა თმის ძირის ინფიცირების შედეგია. ამას ხელს უწყობს კანის დაზიანება, ქავილი, შუა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენები. დაავადება ვითარდება თანდათან. პირის გაღება და ღეჭვა მტკივნეული ხდება. მტკივნეულია აგრეთვე ყურის ნიჟარაზე თითის დაჭერა. სმენა ამ დროს ნორმალურია.
როდესაც ძირმაგარა გარეთა სასმენ მილშია, მასში შეაქვთ 8-10 სმ დოლბანდის ფილა გაჟღენთილი 70 oC სპირტში. ფილას ყოველ 8-10 საათში ცვლიან. თუ ავადმყოფი ვერ იტანს სპირტიანი ფილთის შეყვანას, მაშინ ფილთას ჟღენთავენ ბუროვის ხსნარში. კარგია რაიმე ანტისეპტიკური ან ჰიდროკორტიზონის მალამო, კომპრესი. როდესაც ძირმაგარა გასკდება და ჩირქი გამოირწყვება, სასმენ მილში უნდა შევიყვანოთ მხოლოდ მშრალი სტერილური ფთილა.
გ ა რ ე თ ა ყ უ რ ი ს დ ი ფ უ ზ ი უ რ ა ნ თ ე ბ ა ს იწვევს სოკო ან მიკროორგანიზმი. ეს დაავადება ხშირად ქრონიკული ალერგიული რეაქციის ფონზე ვითარდება, ზოგჯერ კი შაქრიან დიაბეტს თან ერთვის. გარეთა ყურის დიფუზიური ანთების (ეგზემის) დროს სასმენი მილის კანი შესიებული და შეწითლებულია. ზოგჯერ კანის ზედაპირი სველდება. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ქავლის, განსაკუთრებით ღამით.
ყ უ რ ი ს ნ ი ჟ ა რ ი ს ტ რ ა მ ვ უ ლ ი დ ა ზ ი ა ნ ე ბ ი ს დროს ხდება სისხლის ჩაქცევა კანსა და ხრტილს შორის. შემდეგ შეიძლება განვითარდეს ხრტილის ანთება და დაჩირქება, ამას კი საბოლოო ჯამში ყურის ნიჟარის დეფორმაცია მოჰყვება.
ალბათ ბევრს უნახავს ე.წ. "მოჭიდავის ყურები", რაც ტრავმის არასწორი თვითმკურნალობის შედეგია. დროული სამედიცინო დახმარება კარგ შედეგს იძლევა. ყურის ნიჟარის ტრამვის შემთხვევაში , უპირველეს ყოვლისა, ჭრილობა უნდა გასუფთავდეს სპირტით, დაედოს დამწოლი ნახვევი და პირველსავე საათებში მიმართონ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია.
დ ა ფ ი ს ა პ კ ი ს ტ რ ა მ ვ ა - გახეთქვა საკმაოდ ხშირია. ამას იწვევს როგორც უშუალოდ მექანიკური დაზიანება, ასევე ჰაერის წნევის მერყეობა - ბაროტრამვა. ავადმყოფს აღენიშნება სმენის დაქვეითება, ყურის ტკივილი, მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. უმრავლეს შემთხვევაში დაფის აპკის მთლიანობა რამდენიმე დღეში აღდგება. ამ დროს ყურში რაიმე წამლის ჩაწვეთება არ შეიძლება. გარეთა სასმენ მილში უნდა ჩაიდოს სტერილური მარლის ფთილა და, რა თქმა უნდა, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია.
თუ ყურის ტრამვის დროს ავამდყოფმა თუნდაც რამდენიმე წამით დაკარგა გრძნობა, თუ მას ჰქონდა გულისრევა, იგი სწრაფად უნდა მოვათავსოთ საავადმყოფოში, რადგან გამორიცხული არ არის თავის ტვინის შერყევა.
თ უ გ ა რ ე თ ა ს ა ს მ ე ნ მ ი ლ შ ი რ ა ი მ ე უ ც ხ ო ს ხ ე უ ლ ი მ ო ხ ვ დ ა მაშინვე უნდა მივმართოთ ექიმ-სპეციალისტს. არაპროფესიულმა ცდამ შეიძლება გამოიწვიოს სასმენი მილის დაფის აპკის დაზიანება, ჩირქოვანი პროცესის განვითარება და შედეგად სმენის დაქვეითება.
თუ უცხო სხეული ცოცხალია (ბუზი, კოღო, ბაღლინჯო), მიზანშეწონილია ყურში რამდენიმე წვეთი სპირტის ან ზეთის ჩაწვეთება, რათა მწერის მოძრამობა შეიზღუდოს. სპირტის ჩაწვეთება მიზანშეწონილია მაშინაც, როცა ყურში ლობიოს ან სიმინდის მარცვალია ჩაჭედილი. ეს ხელს უშლის მარცვლის გაფუებას.
ზოგჯერ გარეთა სასმენ მილში ჯირკვლების გაძლერებული სეკრეციის გამო გროვდება გოგირდოვანი მასა და ჩნდება საცობი. საკმარისია ცოტაოდენი წყლის მოხვედრა, მაგალითად ბანაობის დორს, რომ გოგირდის საცობი გაფუვდეს და მთლიანად დახუროს გარეთა სასმენი მილი, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას. საცობი შეიძლება დააწვეს სასმენ აპკს, გამოიწვიოს ტკივილი, ყურში ხმაური, ხველა, თავბრუ. ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. ყურის გამორეცხვის შემდეგ ყველა ეს მოვლენა იხსნება.
ზოგჯერ გოგირდის საცობი იმდენად მკვრივია, რომ უბრალო გამორეცხვას არ ემორჩილება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისის წინასწარი დალბობა სოდა-გლივერინეის თბილის წვეთებით ორი-სამი დრის განმავლობაში. ამის შემდეგ გოგირდის საცობი ადვილად ამოირეცხება.